ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რატომ გვჭირდება ინტეგრირებული გაკვეთილი

უკანასკნელ წლებში სკოლებში აქტუალური გახდა ინტეგრირებული გაკვეთილები და არაერთი პედაგოგი მიმართავს სწავლების პროცესში ამ მეთოდს. საყურადღებოა, რომ, ისევე როგორც სხვა ტიპის გაკვეთილები, ინტეგრირებული გაკვეთილიც, მისი მომზადება და ჩატარება, მოითხოვს განსაზღვრული პრინციპების დაცვას სასურველი ეფექტის მისაღებად და დასახული მიზნების მისაღწევად.

მაინც რა არის ინტეგრირებული გაკვეთილი, რა საჭიროა მისი გამოყენება სწავლების პროცესში და რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთი გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში? ვფიქრობ, ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი ბევრი პედაგოგისთვის საყურადღებო და გასათვალისწინებელი იქნება.

ყველამ იცის, რომ განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თანამედროვე ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება, მისთვის აუცილებელი კომპეტენციების ფორმირება, და ამის ერთ-ერთი გზა სასწავლო დისციპლინების ინტეგრაციაა. სკოლაში ბავშვები სწავლობენ ბევრ ისეთ საგანს, რომლებიც ერთმანეთთან ნაკლებად არის დაკავშირებული. შეძლებენ კი ჩვენი მოსწავლეები სკოლაში 12–წლიანი სწავლის შემდეგ, დამოუკიდებელი ფრაგმენტებისგან შეიქმნან მთლიანობითი წარმოდგენა სამყაროზე? თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის აღქმები იმ პერიოდში, როცა ის სკოლაში სწავლას იწყებს, მთლიანობით ხასიათს ატარებს და მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, ცალკეულ გაკვეთილებზე ფრაგმენტულად, განცალკევებულად მიწოდებული ცოდნა, ინფორმაცია ვერ შეუწყობს მას ხელს სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის შექმნაში. ბევრი პედაგოგი ხვდება ამას და პერიოდულად მიმართავს ინტეგრირებულ გაკვეთილს, რომელიც, ბავშვის აზროვნების თავისებურებებიდან გამომდინარე, საკმაოდ კომფორტულ პირობებს უქმნის მას ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს ბავშვს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე. ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირების, მოვლენების და პროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდება. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეს აქვს ღრმა და მრავალფეროვანი ცოდნის მიღების საშუალება სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენების და მოვლენების სრულიად ახლებურად გააზრების გზით. საგანთაშორისი კავშირები სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია თანამედროვე სკოლაში. ის სწავლების უმაღლესი დონეა. სკოლაში კომპლექსური პრობლემების შესწავლისას საგანთაშორისი კავშირების დამყარების ყველაზე ეფექტურ გზას ჩვენს დროში ინტეგრირებული გაკვეთილი წარმოადგენს. ის იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა ასევე სინამდვილის მთლიანობითი აღქმა, რაც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში დიდ დახმარებას უწევს.

გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მიზანი ინტეგრირებულ გაკვეთილზე თავისთავად არ მიიღწევა. მის მომზადებას და ეფექტიანად ჩატარებას სჭირდება განსაზღვრული პირობების დაცვა:

  • ინტეგრირებულ გაკვეთილს, როგორც წესი, ატარებს სხვადასხვა საგნის ორი ან ორზე მეტი მასწავლებელი. თუმცა ასეთი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს ერთმა პედაგოგმაც, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და მომზადება შესაბამის საგნებში.
  • იმ პედაგოგებს შორის, რომლებიც ერთად ამზადებენ და შემდეგ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური შეთავსებადობა. ურთიერთგაგების და მხარდაჭერის გარეშე ასეთი გაკვეთილი ეფექტიანი ვერ იქნება.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა განსაზღვრული მოცულობის სასწავლო მასალა უკვე ათვისებულია იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებასაც ვაპირებთ. უმჯობესია, ასეთი გაკვეთილის ჩატარება სასწავლო წლის ბოლო პერიოდისთვის დავგეგმოთ.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, მაგრამ მაინც ვეცადოთ, ყოველი მათგანი ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს წამყვანის როლის შესრულება.
  • ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ცდილობენ, თავად გააანალიზონ ინფორმაცია გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების დროს, გამოყოფენ პრობლემას, შეიმუშავებენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის როლის ამაღლება ინტეგრირებული გაკვეთილის მიმართ ერთ-ერთი აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნაა, იქიდან გამომდინარე, რომ ინტეგრაცია აფართოებს შესასწავლი მასალის თემატიკას, იწვევს მოვლენების უფრო ღრმა ანალიზისა და განზოგადების აუცილებლობას.
  • ინტეგრირებული გაკვეთილი არ გულისხმობს ორი ან მეტი საგნის სასწავლო მასალის მექანიკურ გაერთიანებას. აქ უბრალოდ ახალ ცოდნას კი არ უნდა იღებდეს ბავშვი, არამედ უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მან უნდა შეძლოს სამყაროს წარმოდგენა ერთ მთლიანობად, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად აუცილებელია განსახილველი და შესასწავლი ობიექტის სწორად განსაზღვრა და გაკვეთილის შინაარსის გულდასმით შერჩევა.
  • პედაგოგის მაღალი დონის პროფესიული თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედებით თანამშრომლობას გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანობისთვის.
  • მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი გაკვეთილის, მით უმეტეს – ინტეგრირებულის, ეფექტიანად ჩატარების ალბათობა საკმაოდ მცირეა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაზღვრული პრინციპების დაცვით მომზადებული და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი დიდი სარგებლობის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც მოსწავლეებისა და მაწავლებლებისთვის, ისე მთელი სასწავლო პროცესისთვისაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი